ესტონეთში ევროკავშირთან ასოცირებული სამი ქვეყნის - საქართველო, მოლდოვა, უკრაინა შეხვედრა გაიმართა

8.09.2017 ქ.ტალინი, ესტონეთი -  . ტალინში  საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიხეილ ჯანელიძემ, ანდრე გალბურმა და პაოლო კლიმკინმა შეხვედრა გამართეს სამმხრივ ფორმატში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა . ბრიუსელში 24 ნოემბერს დაგეგმილიაღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საერთო მოლოდინებზე მსჯელობა და ამ კონტექსტში ერთიანი ხედვის შემუშავება.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გზები, რაც საშუალებას მისცემს სამ ასოცირებულ ქვეყანას უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, საერთო ევროპულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო სივრცეში შემდგომი ინტეგრაციის გზით.

ხაზი გაესვა DCFTA-ის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას, ევროკავშირის ერთიან ბაზართან  ინტეგრაციას, ასევე  ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ევროკავშირის სპეციალიზირებული სააგენტოებისა და პროგრამების პოტენციალის სრულად ათვისებას.

შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროება უსაფრთხოების სფეროში საერთო გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორების მიმართ ევროკავშირის ინდივიდუალური მიდგომის შემუშავების აუცილებლობას მათი ევროპული ამბიციების ხარისხის გათვალისწინებით და დიფერენციაციისა და „მეტი მეტისთვის“ პრინციპებზე დაყრდნობით.

შეხვედრისას ასოცირებული სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას აღნიშნულ საკითხებზე.