ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი ცხადყოფს, რომ ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია - დავით ზალკალიანი

11.02.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან.
 
„მივესალმებით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩაკის ვიზიტს საქართველოში. აღნიშნული ვიზიტი ნათელი დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობისა. ამასთან,  თავმჯდომარეობის დასაწყისშივე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეუთო-ს სამუშაო დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები. ქართული მხარე მიესალმა მოქმედი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მექანიზმების გამოყენების მნიშვნელობაზე.
 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების  მუდმივ ხელყოფაზე და შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე.  ამ კუთხით, ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაუბრკოლებელი შეღწევის აუცილებლობას. ამასთან, ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებზე.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, უპირობო შესრულების აუცილებლობას. ასევე, აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების (IPRM) შეუფერხებელი მუშაობის მნიშვნელობა.
 
„ბოლო ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებამ უზარმაზარი მხარდაჭერა გამოხატა  საქართველოს  კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებში. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომით არის შესაძლებელი, მივაღწიოთ გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას“ -აღნიშნა დავით ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით,  ეუთო თავისი ინსტიტუტებით წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორს დემოკრატიზაციის პროცესში, რაზეც მეტყველებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის აქტიური ჩართულობა არჩევნების მონიტორინგის პროცესში, ასევე, თანამშრომლობა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან, საქართველოში მედია გარემოს განვითარების მიზნით, ხოლო ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან - ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიზნით.
 
შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და არსებული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
 
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა  სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისკენ.   

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 2019 წლის 10-11 თებერვალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს პრეზიდენტთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, მიროსლავ ლაიჩაკმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა სოფელ ოძისში და ადგილზე გაეცნო ვითარებას. 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
<   1 2    > Pages: 1 of 2