„ევროკავშირის წევრობა არის ის ოცნება, რასაც ჩემი ქვეყანა პროგრესისკენ მიჰყავს“-ზალკალიანი

21.11.2018 ბრიუსელი - „ბევრი მიზეზის გამო საქართველო სახელდება მოწინავე ქვეყნად და წარმატების მაგალითად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. საქართველომ მართლაც დიდი პროგრესი განიცადა.  ქართველი ხალხი მუდმივად მხარს უჭერდა და იცავდა დემოკრატიას, თავისუფლებას, პროგრესს.  ის ამოცანები რაც ქვეყანამ ამ სამი მიმართულებით დაისახა რთულად მიღწევადი იქნებოდა ევროკავშირის დახმარების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის გარეშე. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა ილუზიაა, ოცნებაა, მაგრამ ამ ოცნებას ჩემი ქვეყანა პროგრესისკენ მიჰყავს და მას უფრო თავისუფალს ხდის, მატებს ენერგიას და ძალას რომ ეს ოცნება რეალობად აქციოს“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესზე და ასევე 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართული მაღალი დონის დიალოგზე. 

მინისტრის განცხადებით,  დღევანდელი შეხვედრა, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო ემსახურებოდა ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას და პრაქტიკული და ფუნქციონალური კავშირების გაღრმავებას. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც მან საქართველოს მეირ ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხთან დაკავშირებით მიიღო. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის. მისი თქმით, ასოცირების შეთანხმების იმპელემენტაცია მართლაც არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამ გზაზე საქართველოს მართლაც აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები. 

„ჩვენი მოკლე და საშუალოვადიანი ამოცანაა თანდათანობით დავუახლოვდეთ ევროკავშირის სტანდარტებს საკანონმდებლო, ეკონომიკური, საბაზრო ჰარმონიზაციის მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო წინ წავწიოთ.  მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს.  მიმაჩნია, რომ ახლა არის  დრო იმისათვის, რომ  გადავხედოთ წარსულს და გავაანალიზოთ როგორც წარმატებები, ასევე ხარვეზები და ვიფიქროთ თუ როგორ მოვახდინოთ წარმატების კონსოლიდაცია.  აღმოსავლეთ პარტნიორობა საკმაოდ წარმატებული ინიციატივაა, მისმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა საქართველო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებიდან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე გადასულიყო. დღეს საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მგზავრობენ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში და ამ გადაწყვეტილებას ქონდა როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური დატვირთვა“ -განაცხადა მინისტრმა. 

მისი თქმით, სწორედ აღმოსვალეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნება ბათუმის კონფერენცია, რომელიც მიმდინარე წელს გაიმართება. 

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ურთულეს ვითარებაზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების რეალიზაციის პროცესში. მისი განცხადებით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გადაიქცნენ ადგილებად, სადაც ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა და მოსახლეობა მუდმივად არასტაბილურ გარემოში ცხოვრობს. ეს განცდა კიდევ უფრო მძაფრდება ადამიანების სასტიკი წამებისა და მკვლელობის ფაქტებით, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ რეგიონებში. მოსახლეობა გაყოფილია ხელოვნური ბარიერებით, ადგილობრივები მოკლებულნი არიან გადაადგილების, საკუთარ კარმიდამოებზე წვდომის უფლებას.

„რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგები დაუძლეველი იქნება მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე. ერთადერთი გზა პოზიტიური ძვრები მოვახდინოთ ადგილზე გახლავთ ის, რომ ევროკავშირის და საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად იდგეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხი. ამასთან, ჩვენ მივმართავთ ძალისხმევას ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისთვის.  ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა სწორედ რომ ემსახურება ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას იმ ადამიანებისთვის ვინც ცხოვრობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში“-განაცახდა დავით ზალკალიანმა.

ევროპარალმენტის საგარეო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე უპასუხა ევროპარლამენტარების შეკითხვებს, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.