ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადება

1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (UDHR) მიიღო. ამ ინოვაციურმა დოკუმენტმა ადამიანის ფუნდამენტური და განუყოფელი უფლებების საყოველთაო დაცვის მაღალი სტანდარტი დააწესა,  და შედეგად,  ერების საერთო მიღწევად იქცა.
 
ორი წლის შემდეგ, 1950 წელს, ახლად შექმნილმა ევროპის საბჭომ - ორგანიზაციამ, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უპირობო დაცვას - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR) შეიმუშავა. UDHR-ის პრინციპებზე დაყრდნობით, კონვენციამ (ECHR) საფუძველი ჩაუყარა არა მხოლოდ წესების უნიკალურ სისტემას, არამედ შექმნა ეფექტიანი, კონვენციაზე დაფუძნებული ინსტრუმენტი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც ასობით მილიონ ადამიანს ევროპაში თავიანთი უფლებების დაცვის შესაძლებლობას აძლევს.
 
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ადამიანის უფლებათა დღის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ისტორიის მანძილზე შეიტანა წვლილი იმ მიღწევებში, რომლებსაც დღეს ასე ვაფასებთ. მსურს ასევე ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების ფარგლებში, ჩვენ გვაქვს მცდელობა გავამახვილოთ ყურადღება ადამიანის უფლებათა საკითხებზე, მიღწეულ პროგრესსა  და არსებულ გამოწვევებზე ფოკუსირებით.