გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს

26.09.2019 ნიუ-იორკი- მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლობას.

მიმდინარე საკითხებზე საუბრისას მინისტრები მიესალმნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფარგლებში შეხვედრების განახლებას და მხარეთა მზაობას კონსტრუქციული მიდგომით გადაწყდეს აღნიშნული საკითხი. დადებითი შეფასება მიეცა ექსპერტთა ჯგუფების მუშაობას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დაუზუსტებელ მონაკვეთებთან დაკავშირებით.

დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო-სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს  აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში გაიმართება. დადებითი შეფასება მიეცა სუამის ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობას და გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სუამის მინისტერიალების გამართვის რეგულარულ პრაქტიკას.