ინდოეთის რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

08.11.2019, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო ინდოეთის რესპუბლიკის ახალი ელჩი საქართველოში (რეზიდენციით  . ერევანი)  კიშან დან დევალი. ინდოეთის ელჩმა მინისტრს გადასცა რწმუნებათა სიგელების ასლები (აგრემანი გაიცა 2019 წლის 7 ოქტომბერს).
 
შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოსა და  ინდოეთს შორის ორმხივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. ხაზი გაესვა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ბიზნესის წრეებს შორის კონტაქტების გააქტიურებისა და ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობის მნიშვნელობას. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე, საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (Free Trade Agreement - FTA) მოლაპარაკებების დასრულებაზე, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის შემდგომ გაფართოებას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას.
 
შეხვედრაზე ორივე მხარემ კმაყოფილება გამოხატა, რომ საქართველო და ინდოეთი წარმატებით თანამშრომლობენ მრავალმხრივ ფორმატშიც, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის ინიციატივების და კანდიდატურების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ინდოეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მხარდაჭერებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში მხარდაჭერებისთვის.
 
მინისტრმა ინდოეთის ელჩს  წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში და იმედი გამოხატა, რომ მისი საქმიანობის პერიოდში ჩვენ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება.