ინფორმაცია ქ. ისპრაში (იტალია) ევროკავშირის ერთობლივ კვლევით ცენტრში განხორციელებული ვიზიტის შესახებ

2019 წლის 25-26 სექტემბერს ქ. ისპრაში (იტალია) ევროკავშირის ერთობლივ კვლევით ცენტრში (Joint Research Center) გაიმართა მაღალი დონის ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან.  დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ვახტანგ მახარობლიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას მიესალმა ერთობლივი კვლევითი ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ჩარლინა ვიტჩევა, რომელმაც ისაუბრა ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მნიშვნელობა.

ბატონმა ვახტანგ მახარობლიშვილმა, მისასალმებელ სიტყვაში, ხაზი გაუსვა ერთობლივ კვლევით ცენტრში საქართველოს დელეგაციის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, გააკეთეს პრეზენტაციები და მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში; ასევე, გაეცნენ ერთობლივი კვლევითი ცენტრის საქმიანობას და მოინახულეს ცენტრის ბაზაზე არსებული კვლევითი დაწესებულებები და ლაბორატორიები.  ერთობლივ კვლევით ცენტრთან ერთად დასახული მიზნების რეალიზაციისათვის, სექტორულ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობის კუთხით, განხილულ იქნა კონკრეტული წინადადებები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი დაიგეგმა ქ. ბრიუსელში 2018 წლის 21 ნოემბერის მაღალი დონის დიალოგის შედეგად დასახული პრიორიტეტების გათვალისწინებით.