ირანის ვიცე-პრეზიდენტი:საქართველო ირანელებისთვის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია

13.09.2017 ქ.ჩენგდუ, ჩინეთი - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში საქათველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ირანის ვიცე-პრეზიდენტთან, ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ალი აშგარ მოუნესანთან.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ირანს შორის არსებული ისტორიული კავშირები და მიესალმნენ ქვეყნებს შორის სხვადსხვა სფეროში  თანამშრომლობის მზარდ დინამიკას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ისევე როგორც ირანის ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატეს ორივე ქვეყნის დიდი ინტერესი განავითარონ ურთიერთობები სხვადსხვა სფეროში, მათ შორის აღნიშნეს საქართველოსა და ირანის შესაძლებლობები რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის და მისი განვითარების თვალსაზრისით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტის დროს მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რამაც კიდევ ერთხელ ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე დაეთმო ტურიზმის სფეროში  თანამშრომლობას, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებს.

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ირანის მხრიდან საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების მიმართ მზარდ ინტერესს და აღნიშნა, რომ ირანელებისთვის საქართველო ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ირანის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოში ტურიზმის სფეროში განხორციელებული რეფორმები და ის შთამბეჭდავი სტატისტიკა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის მიმართ ინტერესი ყოველ წელს იზრდება.