ირლანდია გმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის დენის ო’დონოვანის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზს ეწვია.

ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე პროცესების გამო და დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.  
 
„შეშფოთებულნი და შოკირებულნი ვართ თქვენს ტერიტორიაზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესით. ირლანდიაშიც გვქონდა მსგავსი სიტუაცია მრავალი წლის განმავლობაში.   ჩვენი ქვეყანა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ხელყოფას, იმედი გვაქვს, რომ  დიალოგი და მშვიდობიანი დიპლომატიური საშუალებები თავის შედეგს გამოიღებს. გაეროში ჩვენი  წარმომადგენლები მუშაობენ  თბილისში და ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს“-განაცხადა დენის ო’დონოვანმა.
 
ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციამ სოფელი ხურვალეთი მოინახულა, სადაც ადგილზე გაეცნო ოკუპაციის შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.