ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი ზურაბაშვილის სამუშაო ვიზიტი ოფალის საგრაფოში

6.08.2019 ირლანდია - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ოფალის საგრაფოში, ცენტრალურ ირლანდიაში. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის  წარმომადგენლებთან.
 
ირლანდიის პარლამენტის წევრთან, ოფალის რეგიონის წარმომადგენელ დეპუტატთან მარსელა კორკორან კენედისთნ გამართულ შეხვედრაზე გიორგი ზურაბაშვილმა განიხილა საქართველოსა და ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და დარგობრივი კავშირების შემდგომი განმტკიცების შესაძლებლობები. დუბლინში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და დეპუტატ მარსელა კორკორან კენედის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში გაიმართება ერთობლივი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება საქართველოსა და ირლანდიის პარლამენტარიზმის 100 წლისთავს.
 
გიორგი ზურაბაშვილმა საგრაფოს საბჭოს აღმასრულებელი მმართველობის წევრებს  შესთავაზა ოფალისა და საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის  დაძმობილება. ამ საკითხზე მხარეები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, საგრაფოს ხელმძღვანელობასთან ერთად.
 
საგრაფოს ყველაზე დიდი ქალაქის ტულამორის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გიორგი ზურაბაშვილმა ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ და ქვეყნის, როგორც რეგიონალური ჰაბისა და სატრანზიტო მნიშვნელობაზე. სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს საქართველო-ირლანდიას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობებით და ასევე, დაინტერესდნენ ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხით.