ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ანძა მწვანედ განათდა

17.03.2017 თბილისი - ​ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულთან, წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით დღეს თბილისის ანძა მწვანედ განათდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე მესამე წელია მსგავსი ტიპის ღონისძიებით ულოცავს ირლანდიას ეროვნულ დღესასწაულს.

საქართველო კიდევ ერთხელ ჩართო კამპანიაში "Global Greening". კამპანიის ფარგლებში ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს დედაქალაქებში ღირშესანიშნაობები მწვანე ფრად ნათდება. აღნიშნულ აქციას მსოფლიოს ბევრი ქალაქი უერთდება და 17 მარტს მწვანედ ნათდება მსოფლიოს არაერთი ღირშესანიშნაობა - თავისუფლების ქანდაკება, პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სიდნეის ოპერა და ა.შ. თბილისი აქციაში მონაწილე ქალაქებს შორის უკვე მესამედ მოხვდა.

გასულ წელს წმინდა პატრიკის დღესთან ერთად საზეიმოდ აღინიშნა საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი. საიუბილეო თარიღთან და ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა ირლანდიური ჯგუფის "Jack Lukeman"-ის მონაწილეობით, რომელიც საქართველოს პირველად სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეწვია.

2015 წლის 17 მარტს თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობა წმ. პატრიკის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმოდ მწვანედ განათდა. ღონისძიება ორი ქალაქის - თბილისისა და დუბლინის დამეგობრებას მიეძღვნა. საკრებულოს შენობის წინ შეკრებილ საზოგადოებას ვიდეო მიმართვით მიესალმნენ ქ. დუბლინის მერი კრისტი ბურკი და ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პატ ბრინი.

მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქის ღირშესანიშნაობების მწვანედ განათება ირლანდიასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლოა.