კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ქართული კუთხე გაიხსნა

13.01.2020 კატარი - კატარში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ორგანიზებით კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ქართული კუთხე გაიხსნა.

საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა კატარის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტს, ომარ ალ ანსარის და კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს ასმა ალ ბუენინს პროექტის მხარდაჭერისა და ღონისძიების მასპინძლობისთვის.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ თავის გამოსვლაში აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს კუთხისთვის გადაცემული წიგნების, საქართველოს კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, ქართული სამზარეულოსა და ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ.
ქართული კუთხის გახსნა კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ხელს შეუწყობს კატარელ ახალგაზრდებს შორის საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ღონისძიებას ესწრებოდნენ კატარის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები.