ლაშა დარსალია ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2019 წლის 18-19 ივლისს განხორციელდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას სამუშაო ვიზიტი ქ.ვენაში. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას გრემინგერს, ეუთო-ში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებსა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებს.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ლაშა დარსალიამ უცხოელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის კონტექსტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. მინისტრის მოადგილემ პარტნიორებს ასევე გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის მიმართულებით და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე.

შეხვედრებზე ვრცლად იქნა განხილული საქართველოსა და ეუთო-ს შორის ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები და დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯები.

ვიზიტის დროს საერთაშორისო პარტნიორებმა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთო-ს მზაობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში ორგანიზაციის შემდგომ აქტიურ ჩართულობაზე.​