ლაშა დარსალია ვენაში ეუთო-ს უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ყოველწლიურ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას

25.06.2019 ავსტრია - ვენაში გაიხსნა ეუთო- უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ყოველწლიური კონფერენცია (ASRC), რომელიც 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით.
 
კონფერენციის ფარგლებში განიხილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური საკითხი, მათ შორის, 26 ივნისს, ცალკე სესია დაეთმობა ეუთო-ს სივრცეში არსებულ კონფლიქტებს.
 
კონფერენციის ფარგლებში, 26 ივნისს, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანაორგანიზებით, გაიმართება ე.წ. პარალელური ღონისძიება - Hybrid warfare - case of Georgia. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ლიტვის, უკრაინისა და ნატო-ს, წარმომადგენლები, ასევე, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ლონდონიდან (RUSI) და ჰელსინკიდან (Hybrid CoE).
 
25 ივნისს, ASRC-ის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი შალვა ცისკარაშვილი. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა არსებულ კონფლიქტებზე, როგორც უსაფრთხოების მთავარ გამოწვევაზე და ისაუბრა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, რაც წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართალთან და ჰელსინკის პრინციპებთან.
 
ღონისძიების პირველ დღეს ასევე გაიმართა საგანგებო სესია, რომელიც მიეძღვნა უკრაინის საკითხს. საქართველოს დელეგაციამ დაგმო რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაცია და აგრესია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში.
 
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო აგრესია, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის მინსკის შეთანხმებები.