ლაშა ჟვანიამ ისრაელის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

12.09.2019 იერუსალიმი - ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის ლაშა ჟვანიას ისრაელის პრეზიდენტისთვის რუვენ რივლინისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდგომ, მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. პრეზდენტმა რივლინმა ხაზი გაუსვა ისრაელ-საქართველოს დინამიურად მზარდ ორმხრივ ურთიერთობებსა და ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ტრადიციას.

საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ისრაელის პრეზიდენტს შემდეგი სიტყვებით მიმართა - „ბატონო პრეზიდენტო ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე საქართველოს ჩემი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორ სახელმწიფოში. არ დავიშურებ ძალ-ღონეს, რათა წმინდა მიწაზე ჩემი დიპლომატიური მისიის პერიოდში მაქსიმალურად ხელი შევუწყო ისრაელ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ბრწყინვალე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, რასაც როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის სახელმწიფოს მიმართ ვგრძნობ“.

შეხვედრისას საქართველოს ელჩმა ისრაელის პრეზიდენტს 80 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის  საჩუქრები გადასცა. დასასრულს პრეზიდენტმა რივლინმა წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს ისრაელის სახელმწიფოში მის დიპლომატიურ საქმიანობაში.