ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე აღინიშნა

16.11 2017 ლონდონი -  ლონდონში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანა-ორგანიზებით, აზიის სახლმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს უმასპინძლა. ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს დიდი ქართველი პოეტის შემოქმედება და ცხოვრება გააცნეს.

ღონისძიებას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრები, ბრიტანული კულტურისა და ლიტერატურული წრეების   წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები და ლონდონში საქართველოს დიასპორის წევრები დაესწრნენ.

ლექცია გალაკტიონის ტაბიძის შესახებ პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა წაიკითხა, ასევე მოხდა მისი წიგნის "აღმოაჩინე გალაკტიონი" პრეზენტაცია, მასში თავმოყრილია პოეტის ლექსების ინგლისურენოვანი თარგმანი.

საღამოს ფარგლებში, ინესა მერაბიშვილმა ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა გაერთიანების სპეციალური ჯილდო "ოქროს ფრთა" გადასცა ბრიტანელ პოეტსა და დრამატურგს ლორდ დომინიკ მერევორსს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლორდი მერევორსი იყო ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს ინიციატორი, რომელიც ქენინგ ჰაუზში პირველად  2012 წელს გაიმართა.

გალაკტიონ ტაბიძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება აზიის სახლის ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელმა პამელა კემბერმა გახსნა, რომელმაც ქართულ მხარესთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის სახელით სტუმრებს საელჩოს მრჩეველი ნელი შიოლაშვილი მიესალმა და მადლობა გადაუხადა   აზიის სახლს ღონისძიების თანა-ორგანიზებისთვის.  ლექციის შემდეგ საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.