ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე დანიელ კოლეგას შეხვდა

19.06.2017 ლუქსემბურგი - ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ანდერს სამუელსენთან. 

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა დანიელ კოლეგას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და 2017-2021 წლის დანიის სამეზობლო პროგრამაში (DANEP) საქართველოს პრიორიტეტულ ქვეყნად დასახელებისათვის. აღინიშნა, რომ DANEP-ის პროგრამა პირდაპირ ეხმიანება საქართველოში ევროპული დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმებს და მიზნად ისახავს, როგორც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცებას, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.

დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და მათ სამაგალითო ხასიათზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებით მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებსა და განხორციელებულ რეფორმებზე. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების საკითხებსა და  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

მიმდინარე წლის 1 ივლისს საქართველო და დანიის სამეფო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.