ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა მერვე შეხვედრა გაიმართა

19.06.2017 ლუქსემბურგი - 2017 წლის 19 ივნისს, ქ. ლუქსემბურგში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მერვე შეხვედრა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ფედერიკა მოგერინი. მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი პარტნიორი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა. მინისტერიალს, ასევე ესწრებოდნენ ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების წარმომადგენლები. ქართულ დელეგაციას შეხვედრაზე ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე.

მინისტერიალი გაიხსნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის მისასალმებელი სიტყვით.

მინისტერიალი წინ უსწრებს 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს, და შესაბამისად, შეხვედრაზე მსჯელობა ფოკუსირებული იყო სამიტის მოლოდინებზე. 

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და პერსპექტივებზე, რომლებიც ორიენტირებული იქნება მოსახლეობისათვის პრაქტიკული შედეგების მიღწევასა და ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე.

ამ კონტექსტში, აღინიშნა საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა - ძირითადი პრიორიტეტები და შედეგები“, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ სამოქმედო გეგმას და ითვალისწინებს კონკრეტულ ინიციატივებსა და მისაღწევ შედეგებს როგორც 2017 წლის სამიტისთვის, ასევე 2020 წლისათვის.

ხაზი გაესვა პარტნიორი ქვეყნების ხელშეწყობის მნიშვნელობას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების, ეკონომიკური და სექტორალური განვითარების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. აღინიშნა სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობა.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის როლს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. მისი განცხადებით, დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულებისა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების პირდაპირი შედეგია, რომ დღეს საქართველო ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანაა. მან დადებითად შეაფასა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ როლი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. მინისტრმა ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის მნიშვნელობას ურთიერთობების გაღრმავების ახალი პერსპექტივების განსაზღვრის თვალსაზრისით, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას მიაღწიოს ევროკავშირთან ინტეგრაციის სასურველ დონეს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მზაობას აამოქმედოს ევროკავშირთან ამბიციური თანამშრომლობის სრული პოტენციალი, რათა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ასოცირების პროცესის სარგებელი. ამ კონტექსტში მან აღნიშნა ევროინტეგრაციის კუთხით მთავრობის 6 პრიორიტეტი, რომლებიც ითვალისწინებს სამართლებრივ და ინსტიტუციურ დაახლოებას, თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან და ასევე ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში, ევროკავშირთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სექტორულ თანამშრომლობას, საერთო საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.