მალაიზიაში ფოტოგამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ გაიმართა

24.06.2019 კუალა-ლუმპური - მალაიზიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ გაიმართა.
 
საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაში ნაჩვენები იყო საქართველოს ისტორიული კონტექსტი ქართული დამწერლობის განვითარების სტადიები, ანბანის თითოეული სახეობისთვის დამახასიათებელი გრაფიკული სტილი და გამოყენების სფეროები, ასევე თანამედროვე ქართული ენისა და დამწერლობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ნიშნები, რითაც ის მსოფლიოს ყველა დანარჩენი დამწერლობებისგან განსხვავდება. ასევე აღინიშნა, რომ 2016 წელს ქართული ანბანი UNESCO-ს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
 
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით საელჩოს მიერ მომზადებული ვიდეოკოლაჟი აჩვენეს.
 
ფოტოგამოფენას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების, მედიის, კერძო სექტორის, განათლების, კულტურის, ტურიზმის სფეროებისა და მალაიზიაში მცხოვრები საქართველოს მცირერიცხოვანი დიასპორის წარმომადგენლები.