მიხეილ ჯანელიძე აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

„ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებაში შეუფასებელია“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. კონფერენცია Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის ორგანიზებით ჩატარდა.

მინისტრმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის მზარდ დინამიკას ადასტურებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების სხვა უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან. მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს უამრავი ერთგული მეგობარი ჰყავს კონგრესში, რომლებიც მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფების, მათ შორის, ნატოში გაწევრიანების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო საერთო ღირებულებებს იზიარებენ და ეს ღირებულებები ევროატლანტიკურ პრინციპებს უკავშირდება. 25 წლის განმავლობაში, საქართველომ უამრავი რეფორმა განახორციელა კანონის უზენაესობის, ღია მმართველობის, მედია პლურალიზმის, ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, კერძოდ კი იმისთვის, რომ რეალურად ეჩვენებინა ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ შეუქცევადი სწრაფვა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და იმ დახმარებაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანას ამ გამოწვევების დაძლევასა და თავისი მომავლის განსაზღვრაში უწევს. მინისტრის თქმით, “დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი 4,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოს დაეხმარა გამხდარიყო რეგიონული ლიდერი როგორც დემოკრატიული წინსვლის, ისე ეკონომიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით“.

მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების საკითხზე, თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის ჩათვლით.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი, რაც ხაზს უსვამს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოს, როგორც სანდო სტრატეგიული პარტნიორის როლს.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებების დაუშვებლობაზე და განაცხადა, რომ ამერიკასთან თანამშრომლობა და ევროპასთან ინტეგრაცია არის გარანტია იმისა, რომ „საქართველომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიული პროგრესის ნიმუშად იქცეს“.