მიხეილ ჯანელიძე ინდონეზიის ინდუსტრიის მინისტრს შეხვდა

24.01.2018 ქ. დავოსი - ​დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ინდონეზიის ინდუსტრიის მინისტრთან აირლანგა ჰარტაროსთან. 

შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. მინისტრები შეთანხმდნენ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებზე და სექტორალური კავშირების გაღრმავებაზე.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველოს პრიორიტეტია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდ რეგიონს მსოფლიოში. მინისტრის თქმით ქართული მხარე დაინტერესებულია ინდონეზიასთან, როგორც ამ რეგიონის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან, ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებით.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა ინდონეზიური მხარისათვის საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმების გაზიარების კუთხით.

მიხეილ ჯანელიძემ ინდუსტრიის მინისტრს OGP-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტები გააცნო, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ მმართველობისა და მომსახურების სფეროში საქართველოს მიღწევების გაზიარებაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

მხარეების შეფასებით ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გათვალისწინებით როგორც ინდონეზია, ისე საქართველო თავთავიანთ რეგიონებში წარმოადგენენ ლიდერ ქვეყნებს, შესაბამისად ორივე ქვეყანა დაინტერესებულია განვითარდეს ორმხრივი კავშირები ამ მიმართულებით. მინისტრების განცხადებით საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული 30 დღიანი უვიზო რეჟიმი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურიზმის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას.