მიხეილ ჯანელიძე "დაეშის" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

12-13 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ქუვეითს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს  "დაეშის"​ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში.
 
კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე, მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ქუვეითის პრემიერ-მინისტრის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი. 
 
მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ვიცე-პრემიერის სიტყვით გამოსვლა, სადაც მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩართულობაზე.   
 
კონფერენციის ფარგლებში მოხდება  "დაეშის"​ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის სახელმძღვანელო პრინციპების მიღება.
 
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე  ორმხრივ შეხვედრას გამართავს ქუვეითის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰისთან. ასევე, იგეგმება ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.
 
მინისტერიალი ქუვეითში, ბაიანის სასახლეში გაიმართება.