მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა

12.10.2017 თბილისი - ​ქ. ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან. 



მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე  პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებსაც საქართველო ფლობს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატო-ს 2018 წლის სამიტს და მოსამზადებელ სამუშაოებს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მაღალი დონის შეხვედრები ნატო-ს ფარგლებში, მათ შორის თავდაცვის მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რათა მოხდეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და მათ შორის მზადება ნატო-ს 2018 წლის სამიტისთვის. 



„საქართველო წარმატებით ახორციელებს ყველა იმ პრაქტიკული ინსტრუმენტის იმპლემენტაციას, რომელიც გვაახლოებს საბოლოო მიზანთან, რაც არის ნატოში წევრობა“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას.