მიხეილ ჯანელიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თეოდორ მელესკანუს შეხვდა

18.02.2017, მიუნხენი - მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თეოდორ მელესკანუს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ და სატრანზიტო პოტენციალს, საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თეოდორ მელესკანუს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან და მოსალოდნელ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და მიესალმა საქართველოს მიღწეულ პროგრესს ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. აღინიშნა საქართველოს, როგორც ლიდერის როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმებაში, ასევე ნატოს მისიებში მონაწილეობის კუთხით.

მიხეილ ჯანელიძემ რუმინელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში დაპატიჟა. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თეოდორ მელესკანუს განცხადებით, უმაღლესი რანგის დელეგაცია საქართველოს მიმდინარე წლის განმავლობაში ეწვევა.

04-t.jpg02-t.jpg03-t.jpg