მიხეილ ჯანელიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტისა და სენატის თავმჯდომარეებს შეხვდა

 16.04.2018 ქ.ასტანა - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ .ასტანაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან ნურლან ნიგმატულინთან და ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან კასიმ ტოკაევთან.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს დაინტერესება ხელი შეუწყონ მის შემდგომ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.
 
მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ საპარლამენტო თანამშრომლობას და გამოითქვა  ურთიერთობების ინტენსიფიკაციის მზადყოფნა საპარლამენტო კომიტეტების და სამუშაო ჯგუფების ფორმატებში.
 
მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ორივე ქვეყნის სწრაფვას განვითარებისა და რეფორმების მიმართულებით. შეხვედრაზე ყაზახური მხრიდან გამოიხატა დაინტერესება გაიზიაროს საქართველოს წარმატებული გამოცდილება ჯანდაცვის, სამოქალაქო მომსახურების, საგზაო პოლიციის და სხვა მრავალი მიმართულებით გატარებული რეფორმების მხრივ, როგორც აღმასრულებელი, ასევე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გატარების  კუთხით.
 
თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ყაზახეთის როლს რეგიონის განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის,   ასევე ქვეყნის განვითარების შთამბეჭდავ დინამიკას, რაც სანიმუშოა რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვის.
 
განსაკუთრებით აღინიშნა ყახაზეთის დადებითი როლი რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველყოფაში, რაც ყოველთვის ეფუძნება საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების დაცვასა და პატივისცემას. მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასებს საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმებზე საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობა.
 
ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი და კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს მიღწევები როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე საგარო პოლიტიკური მიმართულებით. მან დადებითად შეაფასა საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა და წარმატება უსურვა ქართულ მხარეს მმართველობის ახალი მოდელის ეფექტურ იმპლემენტაციაში.

მხარეებს შორის გამოითქვა მზადყოფნა ხელი შეუყონ ხალხთაშორის და კულტურულ კავშირების, განსკუთრებით კი ორი ქვეყნის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შორის. ამ მხრივ გამოიხატა დაინტერესება საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
 
ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის 2018-2019 წლების თანამშრომლობის პროგრამას.  მინისტრი  მონაწილებას მიიღებს ასტანას ეკონომიკურ ფორუმში.
 
ასევე, ასტანას მშვიდობისა და თანხმობის სასახლეში გაიმართება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წელთან დაკავშირებით კონცერტი, რომელზეც მაყურებლის წინაშე წარსდგება ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაითი. საღამოზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.