მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

3.02.2018 ქ. ყვარელი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ დეტალურად მიმოიხილა 2017 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა და მიღწეული შედეგები, პარტნიორ ქვეყნებთან ორმხივი ურთიერთობების გაღრმავების, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საგარეო პოლიტიკის სხვა ძირითადი მიმართულებებით გადადგმული ნაბიჯები.
 
შეხვედრაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებს  გააცნო 2018 წლის ამოცანები და სამომავლო გეგმები.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც მინისტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს და სტუმრებს თემატურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მინისტრის მოადგილეებმა.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრების ტრადიცია 2017 წელს დამკვიდრდა, რომლის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე, გარკვეული პერიოდულობით, დაინტერესებულ აუდიტორიას სამინისტროს საქმიანობას აცნობს.
 
ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის დახმარებით. ​