მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა

18.12.2017 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიურ სესიაში. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სუამ-ის მნიშვნელობაზე, გასული წლის მიღწევებზე, სამომავლო გეგმებზე, ორგანიზაციის განვითარებასა და გაძლიერებაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით სუამ-ის წევრების ხედვა ეფუძნება ოთხ ძირითად პრიორიტეტს, როგორიცაა ძლიერი პოლიტიკური კონსოლიდაცია, ეკონომიკური კეთილდღეობა, სექტორალური დაახლოება და ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარება.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის ხელშეწყობით ორგანიზაცია აქტიურად იყო წარმოდგენილი საერთაშორისო არენაზე. მინისტრის განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სუამ-ის ეკონომიკური ინტეგრაციისა და სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებას, ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონისა და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის ხელშეკრულების გაფორმება.  

სიტყვით გამოსვლისას მინისტრი მიესალმა ბენელუქსის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის და ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში.

„სუამ-ის წარმატებები მუდმივი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. ამიტომაც, სუამ-ის ოთხივე წევრს გვაკავშირებს ერთსულოვნება და ძლიერი სწრაფვა, მჭიდრო ერთობლივი ძალისხმევით განვაგრძოთ ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა ისევე, როგორც საერთო გამოწვევებთან გამკლავება“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დასასრულს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მხარდაჭერა გამოუცხადა სამდივნოს, ასევე სუამ-ში მოლდოვის თავმჯდომარეობას და ამ მანდატის წარმატებით განხორციელება უსურვა.