მიხეილ ჯანელიძემ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრა გამართა

14.09.2017 ქ.ჩენგდუ, ჩინეთი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან  ნუმან ქულთურმუშთან.
 
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა თურქეთს UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, თურქეთის ტურიზმის მინისტრმა მიულოცა ქართულ მხარეს და თავად ახლად არჩეულ გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს გამარჯვება და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის სანიმუშო ურთიერთობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას. როგორც სქართველოს ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ტურიზმის სფერო სწრაფად ვითარდება და ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. აღინიშნა ამ მხრივ თურქეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში. 
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ჩინეთში საქართველოს ელჩი დავით აფციაური.