მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო აქტიურად არის ჩართული გაერო-ს მიზნების განხორციელებაში, რაც მსოფლიოში არსებული გამოწვევების დაძლევისკენაა მიმართული

19.09.2017 ნიუ-იორკი, აშშ: “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი შესაბამისად განიხილებოდეს  გაერო-ს ყველა მიმართულებით და აქტიურად იდგას ორგანიზაციის დღის წესრიგში,  მათ შორის გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში. ამასთან საქართველო აქტიურად მონაწილეობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ პროგრესს ადასტურებს ისიც, რომ ქვეყანა გადმოიბარებს ღია მმართველობის ინიციატივის თავმჯდომარეობას”-ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს.

გენერალური ასამბლეის 72-ე სესია დღეს გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ მიროსლავ ლაიჩაკმა და მსოფლიო სახელმწიფოების ლიდერებმა. საკუთარ გამოსვლაში გაერო-ს გენერალურმა მდივანმა და ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრეს მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტებზე და იმ ცვლილებებზე რომელიც საჭიროა განხორციელდეს ორგანიზაციის ეფექტური საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
 
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს საერთო მიდგომა და სურვილი  ცვლილების და რეფორმების. გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა ორგანიზაციის რეფორმის  საკუთარი  ხედვა,  რომელსაც საქართველო მიუერთდა 130 სხვა ქვეყანასთან ერთად. იმედი გვაქვს, რომ დოკუმენტი მომავალში კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში გარდაისახება და შესაბამისად მოხდება ორგანიზაციის  ეფექტურობის გაზრდა და შესაბამისი რეფორმის განხორციელება”- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
 
მისი განცხადებით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს გაერო-ს ცალკეულ ინიციატივებში და ჩართულია ორგანიზაციის საქმიანობაში ამ მიმართულებით. მათ შორის საუბარია მდგრადი განვითარების მიზნებზე, სადაც საქართველო აქტიურად არის ჩართული, განსაკუთრებით მე-16 მიზნის განხორციელების პროცესში, რაც ეხება ტრანსპარენტულ და ღია მმართველობას. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს განსაკუთრებული პროგრესი, აქტიურად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას სხვა ქვეყნებს, რისი დასტურიც არის ის, რომ წელს საქართველო გადაიბარებს ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას. 

მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დაგეგმილ გამოსვლაზე. მისი განცხადებით პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს, როგორც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება, ასევე ისაუბრებს ქვეყნის განვითარებაზე, დაგეგილ და განხორციელებულ რეფორმებზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი შესაბამისად განიხილებოდეს  გაერო-ს ყველა სათანადო  მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი აქტიურად იდგას დღის წესრიგში და მათ შორის გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში.  ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელზეც ყოველწლიურად იზრდება მხარდამჭერთა რაოდენობა.  ეს რეზოლუცია ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ, რა თქმა უნდა არა მარტო რეზოლუციის, არამედ საერთაშირისო საზოგადოების ასეთი მტკიცე მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ამ მწვავე პრობლემის ს გადაჭრას“- განაცხადა ჯანელიძემ.