ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორია - მიხეილ ჯანელიძე

30.04.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ “ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი” გახსნა. 

მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ უკვე ტრადიციად ქცეულ “ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს” წელს საგარეო საქმეთა სამინიტრო მასპინძლობს, მან მადლობა გადაუხადა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, ბულგარეთის საელჩოს საქართველოში და საინფორმაციო ცენტრს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ფორუმის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.
 
როგორც მინისტრმა განაცხადა სწორედ აღნიშნული ფორუმით სრულდება წლევანდელი “ნატო-ს დღეები”, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადეობის ინფორმირების მიზნით არაერთი ღონისძიება ჩატარდა.

“ნატო-ს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა არის საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული არჩევანი, რომელიც უკვე კონსტიტუციაშიც აისახა. ეს არჩევანი არის ქვეყნისთვის დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მომტანი. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის კონკრეტული სარგებელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისგან უკვე მიიღო. დღეს საქართველო არის აღიარებული ლიდერი დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის კუთხით” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
 
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა საქართველოს ურთიერთობები ნატოსთან არის ყველაზე ახლო და მჭიდრო ვიდრე ოდესმე ყოფილა. მისი თქმით ეს პროგრესი მიღწეული იქნა საქართველოს მიერ ნატო-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მექანიზმების ეფექტური გამოყენების შედეგად.

“განვილი წლების განმავლობაში, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორია. ალიანსის მხრიდან სათანადოდ არის აღიარებული ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ალიანსი საქართველოს უყურებს როგორც სამაგალითო ქვეყანას, სადაც იმავე სახის დემოკრატიული ფასეულობებია, რაც ნატო-ს გააჩნია” - აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით უკვე მრავალი წელია ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ნატო-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ოპერაციებსა და მისიებში მონაწილეობენ. მინისტრის თქმით მსოფლიო უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომა ზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, ქვეყნის შეიარაღბული ძალების პროფესიონალიზმსა და ნატოსთან თავსებადობის დონეს.

“ჩვენი მოლოდინია, რომ ის პროგრესი, რასაც საქართველომ ბოლო წლებში ალიანსთან ინტეგრაციის კუთხით მიაღწია, ბრიუსელში ნატო-ს წლევანდელ სამიტზე სათანადოდ იქნება შეფასებული და ასახული ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია არამხოლოდ საქართველოს, არამედ ნატოსა და ევროკავშირის წევრი და პარტიორი ქვეყნების გამოწვევად იქცა. ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა მოსახლეობის ინფორმირებულობას ნატო-ს, ევროკავშირისა და იმ სიკეთეების შესახებ, რასაც საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციებში გაწევრიანება მოუტანს.
 
“ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე” დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უეს მიტჩელმა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ სახალხო დიპლომატიის საკითხებში თაჯან ილდემმა.