ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლის შეკითხვას უპასუხა

2017  წლის 13 ივლისს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გამართა მოკლე პრეს-კონფერენცია.  იენს სტოლტენბერგმა ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე ცხინვალის რეგიონში ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით, გააკეთა შემდეგი განცხადება: 

„დღეს არ განხილულა ხსენებული საკითხი არა იმის გამო, რომ ნატო არ არის შეშფოთებული საქართველოში შექმნილი  სიტუაციით, არამედ იმიტომ, რომ დღეს განვიხილავდით  უკრაინის,  ავღანეთის და საფრთხის შემცირებასთან დაკავშირებულ თემებს. თუმცა, როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, დღევანდელი შეხვედრის კონტექსტის მიღმა, შემიძლია გითხრათ, რომ შეშფოთებული ვართ ვინაიდან ვხედავთ საზღვრის ნიშნულების გადაადგილებას. ჩვენ არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთს ან აფხაზეთს, როგორც რაიმე ფორმით დამოუკიდებელ ქვეყნებს ან ერებს, ისინი არიან საქართველოს ნაწილი - საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს საზღვრებში. შესაბამისად ჩვენ მხარს ვუჭერთ ყოველგვარ ძალისხმევას, აღნიშნული კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით,  მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას საწვრთნელი ცენტრის, დახმარების პაკეტის და სხვა არაერთი პროექტის მეშვეობით. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მოდერნიზაციის მიმართულებით, რათა ქვეყანამ განავითაროს შესაბამისი შესაძლებლობები და მოახერხოს თავის დაცვა. ყოველივე ეს მიმართულია, რათა უზრუნველყოფილ იქნას  ქვეყანის სტაბილურობა, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები“.