ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი მიულოცა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.
 
„ასი წლის წინ თქვენმა ქვეყანამ საფუძველი ჩაუყარა იმ სოციალურ და დემოკრატიულ საძირკველს, რომელსაც თანამედროვე საქართველო ეფუძნება“ - ნათქვამია მისალოც წერილში.
 
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო სულ უფრო აფართოებს თავის კავშირებს ევროპასთან და „ეს არის გზა, რომელსაც ნიდერლანდები სრულ მხარდაჭერას უცხადებს“.
 
წერილში ნათქვამია, რომ ნიდერლანდების სამეფო ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ მიმართულ  დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც, მინისტრ სტეფ ბლოკის თქმით, მოიცავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში გაწეულ სამუშაოს, და ასევე, მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას: „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.