ნორვეგიის სამეფოს დანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2019 წლის 10 სექტემბერი, თბილისი - ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში ჰელენა სანდ ანდრესენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდეგაც გაიმართა გაცნობითი შეხვედრა.
 
დავით ზალკალიანმა ნორვეგიელ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ და  პარტნიორულ ურთიერთობებს.

ასევე, ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალსა და მნიშვნელობას. ჰელენა სანდ ანდრესენმა თავის მხრივ, გამოხატა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, ისაუბრა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რაც ქვეყანას მაქსიმალურად აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან.

დავით ზალკალიანმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით საქართველოს ძალისხმევაზე.

ჰელენა სანდ ანდრესენმა აღნიშნა, რომ ნორვეგია, როგორც საქართველოს მეგობარი  ქვეყანა, მომავალშიც აქტიურად დაუდგება მხარში საქართველოს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში.

ასევე, ელჩის განცხადებით, ნორვეგია უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს  სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ  ინტეგრაციას და ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის განმტკიცებას.