ოტავაში საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართება

25.04.2019 კანადა- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი 2019 წლის 24-25 აპრილს ვიზიტით კანადაში იმყოფება, სადაც დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვა.

ვიზიტის პირველ დღეს გაიმართა მინისტრის მოადგილის შეხვედრა კანადის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ფრედ გორელთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-კანადის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის წახალისებისა და სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების თვალსაზრისით. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში ორივე მხარისთვის პრიორიტეტულ საკითხებს, მათ შორის კანდიდატურების მხარდაჭერის კონტექსტში.

შეხვედრა გაიმართა ასევე  კანადის ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს (Export Development Canada-EDC) ხელმძღვანელ პირებთან და ექსპერტებთან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიმზიდველ ბიზნეს-გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებზე. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ ჯანჯალიამ პრეზენტაცია გააკეთა საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებზე და მიმოიხილა ის უპირატესობები, რომლებსაც საქართველო სთავაზობს კერძო ინვესტორებს. თავის მხრივ, EDC-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და იმ სექტორებზე, რომლებიც კანადური ბიზნესის ინტერესის საგანს წარმოადგენს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას ორმხრივად სარგებლიანი პროექტების იდენტიფიცირების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი  გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, კახა იმნაძე,    საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში, კონსტანტინე ქავთარაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ ჯანჯალია და ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი, გვარამ ხანდამიშვილი.