ქვეყანაში ფუნქციონირება დაიწყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიამ

13.09.2017 თბილისი - საქართველოს მთავრობის მოწვევით, ქვეყანაში ფუნქციონირება დაიწყო ეუთო- დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელს კორინ იონკერს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.
 
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.
 
როგორც მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს OSCE/ODIHR-თან, რომელიც მრავალი წელია სისტემატიურად აკვირდება ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს. შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს სადამკვირვებლო მისიას ეფექტურ ფუნქციონირებაში.
 
აღსანიშნავია, რომ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, ქართულმა მხარემ  არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.