„რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“ ფოტოგამოფენა ედუარდ შევარდნაძის ხსოვნას მიეძღვნა

​11.02.2019 თბილისი - 2019 წლის 11 თებერვალს, ედუარდ შევარდნაძის ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

სტუმრებს შორის იყვნენ შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

25 იანვარს საქართველოს მეორე პრეზიდენტს - ედუარდ შევარდნაძეს 91 წელი შეუსრულდებოდა. გამოფენა სახელწოდებით „რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“ მუზეუმში სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით გაიხსნა.

მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ექსპოზიცია ეთმობა ედუარდ შევარდნაძის პირად არქივში დაცულ, 1950-2000-იანი წლების ფოტოებს. გამოფენა ასევე ასახავს უახლესი ისტორიის საინტერესო ფაქტებს. გამოფენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო კონტექსტში, რადგან ექსპოზიცია ასახავს მნიშვნელოვან ფაქტებს მსოფლიო პოლიტიკური ცხოვრებიდან.