საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის (HCNM) ოფისის დირექტორს შეხვდა

14.07.2017 ბათუმი -  2017 წლის  14 ივლისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეხვედრა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორთან ჰენრიკ ვილადსენთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თანამშრომლობას ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, კერძოდ HCNM-თან. მინისტრის პირველმა მოადგილემ ოფისის დირექტორს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. მისი მხრიდან ყურადღება გამახვილდა  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ  ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების, სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. გამყოფი ხნულების გავლების აქტიურ პროცესზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მაცხოვრებლების მდგომარეობას.

დავით ზალკალიანმა HCNM-ის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციის ფაქტებზე. მათ შორის, ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ შემოღებულ ე.წ. უცხოელთა შესახებ კანონზე, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი მოსახლეობა გამოცხადდა „უცხოელად“ თავისსავე ქვეყანაში და აიძულებენ აიღონ ე.წ. ბინადრობის დოკუმენტი.

შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას.