საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში

11.09.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ნატო-ს  გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში თაჯან ილდიმთან, რომელიც თბილისს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებული  საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სტუმრობს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ბრიუსელის სამიტის შედეგები და საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით მიღწეული პროგრესი. კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს ბრიუსელის ნატოს სამიტზე წევრი ქვეყნების და ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა, რაც აისახა ნატო-საქართველოს კომისიის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ხაზი გაესვა ალიანსის და წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას, რომელიც ასახულ იქნა სამიტის დასკვნით დოკუმენტში.  გენერალური მდივნის თანაშემწემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ალიანსის  მხრიდან საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერა, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს. კიდევ ერთხელ გამოიხატა ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა გასულ კვირას ბრიუსელში  ნატო-საქართველოს კომისიიის გამართვის ფაქტს , სადაც განხილულ  იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა, და სადაც ქართულმა მხარემ ალიანსს წარუდგინა ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.  
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახალხო დიპლომატიის და სტატეგიული კომუნიკაციების როლს, როგორც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მიზნების განხორციელების პროცესში, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა. მხარეები შეთანხმდნენ მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ფასეულობების შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით.