საგარეო საქმეთა სამინისტრო „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაფუძნების დეკლარაციის ხელმოწერას მიესალმება

19.02.2019 პარიზი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2019 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ თანამშრომლობის დეკლარაციას “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაარსების შესახებ.
 
აღნიშნულ ინიციატივას საფუძველი 2018 წლის მაისში, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩაეყარა და საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო უწყებები ბოლო წელია აქტიურად მუშაობდნენ ამ მიმართულებით.
 
ფორმატის დაარსება ხაზს უსვამს საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, რაც განპირობებულია გააქტიურებული ორმხრივი თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადაყვანის საჭიროებით და ატარებს როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დატვირთვას.
 
დიალოგი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: პოლიტიკური და საპარლამენტო; თავდაცვისა და უსაფრთხოების; ვაჭრობის და ეკონომიკის; ასევე, კულტურის და განათლების სფეროები.
 
დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა, უახლოეს ხანში, პარიზში გაიმართება. “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მომდევნო შეხვედრები კი წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით, თბილისსა და პარიზში ჩატარდება. დიალოგის თანა-თავმჯდომარეები იქნებიან საქართველოს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
 
ქართულ-ფრანგული დიალოგი ატარებს 1942 წელს ელ-ალამეინში დაღუპული ფრანგული უცხოური ლეგიონის ქართველი ოფიცრის დიმიტრი ამილახვარის სახელს.