საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტს შორის მაღალი დონის ორმხრივი დიალოგი

საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი დავით კერესელიძე, ავსტრალიის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსი, სტივენ ბარაკლაფი.
 
მხარეებს შორის დიალოგის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ავსტრალიის თანამშრომლობის დღის წესრიგი და  შემდგომი განვითრების პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. შეხვედრებზე მოხდა აზრთა გაცვლა კავკასიისა და ოკეანეთის რეგიონებში, აგრეთვე საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით.
 
ხაზი გაესვა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას და ამ კონტექსტში მაღალი დონის ვიზიტების განხორცილების მნიშვნელობას, მათ შორის საპარლამენტო მეგობართა  ჯგუფების გაცვლითი ვიზიტების ორგანიზებას.   
 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურება წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. საქართველოს დელეგაცია ეკონომიკურ სფეროში მიღწევებსა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე პრეზენტაციით წარსდგა. დაფიქსირდა ორმხრივი მზადყოფნა, ხელი შეეწყოს ავსტრალიაში საქართველოს მიმზიდველი ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების, ასევე ტურიზმის პოპულარიზაციას.
 
აღინიშნა თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობა, ისეთი მნიშვნელოვან მიმართულებებზეც, როგორიცაა განათლება და სოფლის მეურნეობა. მხარეებმა დააფიქსირეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ამ კუთხით პირდაპირი კონტაქტების დამყარების აუცილებლობას.
 
განხილულ იქნა მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები, ურთიერთქმედება საერთაშორისო ორგანიზაციებში. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და გამოწვევები. ავსტრალიურ მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განხორციელებული უკანონო ქმედებებისა და ამჟამად განვითარებული მოვლენების შესახებ. თავის მხრივ, ავსტრალიის მხარემ  კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.