სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას

19.06.2017 სტელენბოში - სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულის, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობით, ორი ღონისძიება გაიმართა.

პროვინციის ქალაქ სტელენბოშში, შედგა კეიპის ღვინის რეგიონს და კახეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებული ღონისძიება. სამხრეთ აფრიკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა კეიპის ღვინის რეგიონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა მერმა ჰელენა ვონ შლიხტმა, ხოლო საქართველოს მხრიდან - კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს სამხრეთ აფრიკასა და საქართველოს შორის აქტიურ კავშირებს და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას ღვინის მწარმოებელ ამ ორ რეგიონს შორის, ასევე, წაახალისებს ხალხთა შორის კავშირებს და საქმიან ურთიერთობებს ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის.

ხელმოწერის ცერემონიის ღონისძიების ფარგლებში კეიპის ღვინის რეგიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე დიალოგი გამართეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულმა დოქტორმა ჯერალდ ვოლმანმა და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ მარიუს ჰაინსმა.

გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში მოქმედ 200 წლიანი ისტორიის მქონე კეიპის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატასთან და კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულთან თანამშრომლობით, ქ. კეიპ ტაუნში უმასპინძლა სამხრეთ აფრიკა-საქართველოს ბიზნეს სემინარს.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კეიპის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა სიდ პეიმერმა და კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულმა ჯერალდ ვოლმანმა.

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა საქართველოს ელჩი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს მზარდ კავშირებზე.

საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ დეტალური მოხსენებით, სტუმრების წინაშე წარსდგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

სამხრეთ აფრიკელმა ბიზნესმენმა კუნ დე ბირმა, დამსწრეთა წინაშე გამოსვლისას, პირადი გამოცდილების საფუძველზე, ისაუბრა საქართველოში ბიზნესის წარმოების და ინვესტირების სარგებელსა და პერსპექტივებზე.

სემინარის მოდერატორმა, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ მარიუს ჰაინსმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის პალატის ხელშეწყობით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, არსებულ სავაჭრო-საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

სემინარზე, ასევე, მოხსენებით წარსდგა ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი ლიკა ტორიკაშვილი, რომელმაც დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ ინიცირებულ გლობალურ ახალგაზრდულ მოძრაობაზე “გააფერადე სამყარო”. აღსანიშნავია, რომ ამ მოძრაობამ დღეისათვის მოიცვა ევროპის, აზიის, აფრიკის და სხვა რეგიონების არაერთი ქვეყანა.

სემინარის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ელჩის სახელით, გაიმართა მიღება, რომელზეც სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.