საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივი განცხადება

2017 წლის 8 სექტემბერს ქ. ვაშინგტონში გაიმართა საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა ის ისტორიული მოვლენები, რაც წინ უძღოდა შეხვედრას და რამაც გააძლიერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობები. გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით, 2017 წლის 16 თებერვალს ქ. ბრიუსელში გამართულმა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერაზე და დაეხმარა საქართველოს, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში. 2017 წელს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ (GSOIA), რამაც შექმნა პრაქტიკული თანამშრომლობის ახალ ერაში ინფორმაციის ნაყოფიერი გაცვლის საფუძველი. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს საბრძოლო მზადყოფნისა და მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით. მხარეები ასევე გააღრმავებენ „NOBLE PARTNER 17“-ისა და „AGILE SPIRIT 17“-ის წარმატებული წვრთნების საფუძველზე თანამშრომლობას, რაც ზრდის თანამშრომლობის მასშტაბს და აუმჯობესებს სამხედრო თავსებადობას.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით და მიმოიხილეს ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტებში ახალი საფრთხეების შესაბამისად შეტანილი ცვლილებები. ქართულმა მხარემ ისაუბრა ქვეყნის „ეროვნული სამხედრო სტრატეგიის“ განახლებისა და „სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის“ იმპლემენტაციის პროცესზე. ამერიკულმა მხარემ კი შეხვედრის მონაწილეებს გააცნო „აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია“ და 21 აგვისტოს პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული სამხრეთ აზიის რეგიონის ახალი პოლიტიკა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისადმი მდგრადი და სტრატეგიული მიდგომის მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის უსაფრთხოებას, ამტკიცებს რეგიონულ სტაბილურობასა და გლობალურ უსაფრთხოებას. 
 
მხარეებმა მიმოიხილეს „Noble Partner 2017“, რომელიც საქართველოში დღემდე ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს წარმოადგენს. მასში მონაწილეობა მიიღო სამხედრო პერსონალმა საქართველოდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, სლოვენიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. წვრთნებმა გააუმჯობესა საქართველოს სამხედრო ძალების შესაძლებლობები მრავალეროვნული მისიების მართვისა და კონტროლის კუთხით, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს სამხედრო ძალების მზადყოფნის გაუმჯობესებას და თავსებადობას ნატო-ს  რეაგირების ძალებთან (NRF). წვრთნებმა ასევე აჩვენა მრავალეროვნული ოპერაციებისთვის ტრანსპორტირების, მდგრადობისა და საწვრთნელი ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების დონე.
 
31 ივლისი - 1 აგვისტოს საქართველოში გამართული ვიზიტისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკლ პენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არის 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის განცხადების ერთგულია და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც უკვე აჭარბებს ნატო-ს მიერ დაწესებულ თავდაცვითი ხარჯების დონეს - მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს.  
 
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მოახდინონ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სრული იმპლემენტაცია, რაც წინ წევს საქართველოს მზადებას ნატო-ში წევრობისთვის. მათ ასევე დაადასტურეს ბრიუსელში განხილული დამატებით თანამშრომლობის აქტივობების საჭიროება, საქართველოს ნატო-ში წევრობისათვის მოსამზადებლად. მხარეებმა გამოხატეს მზაობა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებისთვის  და აღნიშნეს  საქართველოს, როგორც რეგიონში განსაკუთრებული პარტნიორის, როლი.
 
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა მადლიერება ავღანეთის ნატო-ს მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. მხარეებმა პატივი მიაგეს დაღუპული და დაჭრილი ქართველებისა და ამერიკელების მიერ გაღებულ მნიშვნელოვან მსხვერპლს. განსაკუთრებით აღინიშნა აგვისტოში ავღანეთში დაღუპული სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის წვლილი.
 
მხარეებმა განიხილეს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტში პრიორიტეტების განსაზღვრის საკითხი და აშშ-ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება (თავდაცვით) შესაძლებლობებში არსებული ხარვეზების შევსებისკენ, რაც გლობალურ დისლოცირებასა და ტერიტორიულ თავდაცვას შორის ბალანსის მიღწევას შეუწყობს ხელს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს აღიარებს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში და მტკიცე პარტნიორს გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
 
მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ადგილზე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა. მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებიდან, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. ამერიკულმა მხარემ გამოხატა ღრმა შეშფოთება მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციისა“ და გამშვები პუნქტების დახურვის გამო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა 2016 წელს საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელის კანონის წინაშე პასუხისგებაში მიცემის საქმეში.
 
მხარეებმა მიმოიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის სიღრმისეული და ყოვლისმომცველი პარტნიორობის საკითხები და შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის სფეროში ორმხრივი  თანამშრომლობა დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა - თავდაცვითი მზადყოფნის; კონტრ-ტერორიზმის; სასაზღვრო და საზღვაო უსაფრთხოების; თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუციურ რეფორმებში, უსაფრთხოების სისტემაში არსებული ხარვეზების ერთობლივი ანალიზისა და მზარდი ჰიბრიდული საფრთხეებისა და გამოწვევებისადმი ადაპტაციის მიზნით; ინფორმაციის გაცვლის; ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის; სამართალდამცავ, სამოქალაქო საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისების მართვის სფეროებში, საერთო მიზნის - საქართველოს მდგრადობის ამაღლების მისაღწევად.
 
მხარეები მიესალმნენ 2016 წელს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ატაშეს საქართველოში დანიშვნას, რაც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მხარეები მიზნად ისახავენ საქართველოს გავლით ნარკოტიკების ტრანს-ნაციონალური მოძრაობის პრევენციას, გამოვლენას და მის წინააღმდეგ ბრძოლას.
 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს უსაფრთხოების საუკეთესო აქტივს ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების უწყვეტობა წარმოადგენს. მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს პროგრესი რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა თავდაცვის რეფორმებზე, რომელიც შეფასდა, როგორც სანიმუშო, გასული წლის განმავლობაში. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევისათვის. აშშ-ს წარმომადგენლებმა ასევე ხაზი გაუსვეს აპოლიტიკური სამართალდამცავი და უშიშროების უწყებების არსებობის აუცილებლობას, ისევე როგორც,  ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლისა და დაბალანსების მნიშვნელობას ძლიერი დემოკრატიისათვის. მხარეებმა აღნიშნეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ რეფორმების გზაზე მიღწეული თვალსაჩინო პროგრესი და გამოხატეს მზაობა, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად.
 
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აშშ-ის მხარის დელეგაციას თანა-თავმჯდომარეობდნენ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე  კევინ ოკიფი და თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე  ლორა კუპერი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდაცვით საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე  ჯეიმს ვოლში, კონტრ-ტერორიზმის კოორდინატორის მოქმედი მოადგილე, რაფი გრეგორიანი და აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლები. ქართული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თანა-თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი. საქართველოს წარმომადგენლობით სამთავრობო დელეგაციაში შედიოდნენ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ბერაია.
 
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და ღრმა თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების დასახვის მთავარ მექანიზმს. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად, კომისია მოიცავს ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს: დემოკრატია და მმართველობა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ: https://www.state.gov/p/eur/ci/gg/usgeorgiacommission/.