საქართველო აქტიურად იყენებს ყველა ფორმატს, რათა დაგროვილი წარმატებული რეფორმების გამოცდილება მეგობარ ქვეყნებს გაუზიაროს - ზალკალიანი სამხრეთ-სამხრეთის კონფერენციაზე

20.03.2014 ბუენოს-აირესი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბუენოს-აირესში გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა“ სიტყვით გამოვიდა.
 
მინისტრმა ცოდნის გაზიარებისა და პარტნიორობის ახალი გლობალური პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით,  ეს ფორმატი ადასტურებს, რომ განვითარებად ქვეყნებს  შორის თანამშრომლობა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის  მთავარი ინსტრუმენტია.
 
როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ბოლო წლებში საქართველო აქტიურად თანამშრომლობს განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებთან და მათ სხვადასხვა სფეროში, კერძოდ საჯარო მმართველობის რეფორმის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების, პოლიციის რეფორმირების, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისა და ბიზნესისა და ინოვაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიმართულებით დაგროვილ  გამოცდილებას უზიარებს. მინისტრის თქმით, საქართველო განსაკუთრებით აქტიურად მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის განხორციელების გზაზე მიღწეულ პროგრესზე საუბრობს, ვინაიდან „კორუფციისგან თავისუფალი, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ტრანსპარენტული ინსტიტუტები  მდგარდი განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალასა და 2030 წლის დღის წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის  -სიღარიბის აღმოფხვრის  - გასაღებს  წარმოადგენს“.
 
კონფერენციაზე გამოსვლისას, ზალკალიანმა  საჯარო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯებისა და საქართველოს იუსტიციის სახლებში წარმატებით დანერგილ მომსახურებებსა და ინოვაციურ მიდგომებზე გაამახვილა ყურადღება.  მისი თქმით, უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველო სწორედ კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებას უზიარებს მსგავსი პრობლემების წინაშე მდგარ სხვა ქვეყნებს. „საქართველოს მიზანი ტრანსპარენტულობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა, კორუფციის პრევენციის მექანიზმების სრულყოფა და საჯარო მმართველების სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაა“ - დასძინა მინისტრმა.
 
ახალი, თანამედროვე და ინოვაციური სერვისების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრისას, მინისტრმა ყურადღება „ინოვაციური სერვისების ლაბორატორიაზე“ გაამახვილა. ზალკალიანმა ლაბორატორიას „იდეების გენერატორი“ უწოდა, რომელიც ორგანიზაციებს  მომხმარებელთა  მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისების შექმნაში ეხმარება.
 
მინისტრმა ასევე უძრავი ქონების საჯარო რეესტრში დანერგილ უახლეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „საქართველოს საჯარო რეესტრის სანდოობა, დაცულობა და ტრანსპარენტულობა უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტია“. ამასთან, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციისას  დანერგა. გარდა ამისა,  საქართველომ   მონიტორინგისა და კოორდინაციის ინოვაციური ელექტრონული სისტემა შეიმუშავა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს სისტემა მდგრადი განვითარების  17 ნაციონალიზებული მიზნის 100-მდე ამოცანის ეფექტიანად და გამჭვირვალედ შესრულებას უზრუნველყოფს. 
 
„განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში მიღებული  გადაწყვეტილებებისა თუ შეძენილი გამოცდილების გასაზიარებლად, საქართველო აქტიურად იყენებს გაეროს ფარგლებში მოქმედ ყველა ფორმატს, თუმცა, მიუხედავად თანამშრომლობის პროექტებისა და ინიციატივების სიმრავლისა, გვწამს, რომ მათი პოტენციალი სათანადოდ ათვისებული არ არის. საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და გაუზიაროს მათ ის გამოცდილება, რომელიც ჩვენს წინაშე მდგარი საერთო მიზნების განხორციელების პროცესში შეიძინა. ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა  საქართველოს, როგორც ცოდნის გამზიარებლისა და პარტნიორის როლს კიდევ უფრო გააძლიერებს“.
 
ბუენოს-აირესში გაეროს მაღალი დონის კონფერენცია  „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა“  მიმდინარეობს. კონფერენცია მდგრადი განვითარების მიზნებისა და 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების მიზნით განვითარებად ქვეყნებს შორის თანამშრომლობის  გაძლიერებას ემსახურება.