„საქართველო ევროპული წესრიგის და ევროპული უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილია და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ამ სისტემის გაძლიერებაში“ - მიხეილ ჯანელიძე

21.04.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო  სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმში, სადაც  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკიდან  მომდინარე საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და რეგიონების მილიტარიზაციის პროცესზე, რაც მისი შეფასებით საფრთხეს წარმოადგენს არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ხელს უწყობს არასტაბილურობას. მინისტრის თქმით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას გააჩნია კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ. საქართველოს მთავრობის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.

მან  მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს ამ გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“, რომელმაც უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო.

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ეფექტურად აღუდგეს წინ არსებულ საფრთხეებს და შექმნას უსაფრთხო, დემოკრატიული და ეკონომიკურად პერსპექტიული გარემო ყველა მოქალაქისათვის. უსაფრთხოება არ არის მხოლოდ გარე აგრესიისა და სხვა უსაფრთხოების რისკებისგან ქვეყნის დაცვა, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, პოლიტიკური და პირადი თავისუფლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგები ცხადყოფს საქართველოს მისწრაფებებს ევროპისკენ, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირისა და  ნატო-ს უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პროცესში, რაც გადამწყვეტი ფაქტორია რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის. 

„საერთო ძალისხმევით, ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ის პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგავართ. საქართველო მზად არის ნატოსა და ევროკავშირისთვის კვლავ დარჩეს სანდო პარტნიორად რეგიონში, მაგრამ არა მხოლოდ პარტნიორად, არამედ ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ გავხდეთ ორივე ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი - ეს არის საქართველოს მომავალი“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.