საქართველოს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ფრანგულ - ქართული დიალოგის პირველი შეხვედრა გახსნეს

2.12.2019 საფრანგეთი- პარიზში ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართა. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვა საკითხებთან ერთად ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასა და უსაფრთხოების არსებულ გარემოზე ისაუბრა. ევროპის კონტინტზე მშვიდობა და უსაფრთხოება შეუძლებელი იქნება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას გარეშე -აღნიშნა მან.
 
“შორეულ წარსულში დაწყებული ურთიერთობები საფრანგეთთან დღეს იმგვარად ტრანსფორმირდა, რომ ახალ დონეზე გადავიდა და განაპირობა სტრატეგიული დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება. ეს პლატფორმა ქართულ და ფრანგულ მხარეებს გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას განვიხილოთ საქართველო-საფრანგეთს შორის მიმდინარე თანამშრომლობა და განვსაზღვროთ სამომავლო პერსპექტივები პოლიტიკური, თავდაცვის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური თუ განათლების და კულტურის სფეროებში”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარიზში დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის გახსნით სიტყვაში განაცხადა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი.
 
როგორც დავით ზალკალიანმა ამილახვარის დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა საფრანგეთთან ურთიერთობები დინამიურად და ინტენსიურად ვითარდება.  მისი განცხადებით ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის სამუშაო ფორმატები ორიენტირებულია ახალი შესაძლებლობებისა და იდეების ძიებისკენ.
 
მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის,  გაიხსენა საფრანგეთის მედიაცია 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს, ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.
“ ჩვენ უაღრესად ვაფასებთ საფრანგეთის ძლიერ, თანმიმდევრულ და ქმედით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საფრანგეთი საქართველოს გვერდით იდგა ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს დღეებში - 2008 წლის აგვისტოს რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დროს. სწორედ ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტობამ გაუწია მედიაცია რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. სამწუხაროა, რომ 11 წლის თავზე ჩვენს პარტნიორებთან კვლავ გვიწევს საუბარი რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობასა და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე”-განაცხადა მინისტრმა. მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე
 
“საგანგაშოა, რომ დღეს - ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ვსაუბრობთ მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით გაყოფილ საქართველოზე, უკრაინასა და ევროპაზე. ვსაუბრობთ ტატუნაშვილსა და ოთხოზორიაზე - ადამიანებზე, რომელთა სიცოცხლე შეეწირა რუსეთის უკანონო ოკუპაციას. აღარაფერს ვამბობ ეთნიკურ წმენდის შედეგად დევნილ ნახევარ მილიონამდე ადამიანზე, რომლებიც კვლავაც ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
საოკუპაციო რეჟიმი არ მორიდებია ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო დაკავებასაც კი”-განაცხადა მინისტრმა.
 
მისი თქმით, მსგავსი გამოწვევების პირისპირ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, საფრანგეთის პრინციპულ და ქმედით ნაბიჯებს, რადგან მისი განცხადებით ევროპულ კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად.
 
“დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საფრანგეთის როლს ევროკავშირში ერთობის, კეთილდღეობისა და სოლიდარობის შენარჩუნების საქმეში. ჩვენ ამ ჩართულობას აღვიქვამთ მშვიდობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედად ევროპაში, რომლის იდენტობას, ისტორიას და კულტურასაც მივეკუთვნებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე საფრანგეთის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ქვეყნის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა”-განაცხადა ზალკალიანმა.
 
 
დავით ზალკალიანმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან და აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში. მან აღნიშნა  ფრანგული მხარის მიერ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას საფრანგეთის ღირსების ეროვნული ორდენის კომანდირის მედალით და თავდაცვის ეროვნული მედალით  2 ქართველი ოფიცრის დაჯილდოება მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე მისიებში მონაწილეობისთვის.
ამასთან, მინისტრმა ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მალიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ფრანგი ჯარისკაცების დაღუპვის გამო.
 
საინაუგურაციო სხდომაზე განსაკუთრებული პატივი მიაგეს საფრანგეთის ეროვნული გმირის, უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკის, ,,საპატიო ლეგიონის“ უმაღლესი ორდენოსანისა და სწორუპოვარი მხედართმთავრის,  დიმიტრი ამილახვარის ხსოვნას, რომლის სახელობისაც არის ფრანგულ-ქართული დიალოგი.
 
“აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა თავის მემუარებში მას „საარაკო სიმამაცის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური“ უწოდა. სენ–სირის სკოლის მიერ დიმიტრი ამილახვარის საპატივსაცემოდ გამოსულ სპეციალურ ბუკლეტში მისი დახასიათების შემდეგ აღნიშნულია, რომ „ამილახვარი იყო ღირსეული შვილი თავისი სამშობლოსი – საქართველოსი და ერთგული საფრანგეთისა!“
 
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ასევე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საფრანგეთის როლს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების და მისი დამოუკიდებლობის აღიარების მიმართულებით. სწორედ საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც შეიფარა ემიგრაციაში წასული პირველი რესპუბლიკის მთავრობა. მან მადლობა გადაუხადა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს თბილისში აღნიშვნისთვის.
 დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ ფრანგული დიალოგის პირველ სამუშაო სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქრთველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები და ქალაქ თბილისის მერის მოადგილე.