საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მერვე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

16.10.2019 - ქ. თბილისში საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მერვე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა მინისტრის მოადგილეების დონეზე.
 
კონსულტაციებისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის თემები, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ასევე, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვაში შეინიშნება ზრდა და პროდუქციის დივერსიფიკაცია, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ყაზახეთიდან საქარეთველოში ტურისტების ნაკადი. 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყაზახეთის კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. თავის მხრივ, ყაზახეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარატ სიზდიკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ.