საქართველოს ელჩი ლაიდენის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

22.08.219 ნიდერლანდები- ნიდერლანდებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ლაიდენის უნივერსიტეტის ჰააგის კამპუსის სტუდენტებსაქართველოს საელჩოში უმასპინძლა.


საქართველოს საელჩოში ვიზიტის დროს სხვადასხვა ქვეყნის 30 სტუდენტს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს.
 
შეხვედრაზე გიორგი შარვაშიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე. 

საქართველოს ელჩმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევები.

შეხვედრა უნივერსიტეტის საორიენტაციო პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების სწავლებისა და დიპლომატიის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ, ეწვიონ სხვადასხვა საელჩოს და გაეცნონ მუშაობის სპეციფიკას.