საქართველოს ელჩი ლატვიის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

29.08.2019 ლატვია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან, რალფს ნემიროსთან. 

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ლატვიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. 

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დინამიურად იზრდებოდა წლების განმავლობაში და 2018 წელს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, რაც იძლევა კარგ საფუძველს შემდგომში სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

დაფიქსირდა, რომ ლატვია კვლავ რჩება ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების ათეულში და ამ მხრივ პირველ ადგილს იკავებს ბალტიის რეგიონის ქვეყნებს შორის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლატვიური მხარის ინვესტიციებს საქართველოში და თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში, ხაზი გაესვა სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების კუთხით.