საქართველოს ელჩი ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის, კლინგენდაელის აკადემიის პრეზიდენტს რონ ტონს შეხვდა

15.03.2019 ნიდერლანდები -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის, კლინგენდაელის აკადემიის პრეზიდენტთან, რონ ტონთან და მკვლევართან იან მარიუს ვიერსმასთან შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და კლინგენდაელის ინსტიტუტთან ერთად მომავალში ერთობლივი საჯარო ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი, რომელსაც როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში არაერთი ღონისძიება მიეძღვნება.
 
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა კლინგენდაელის აკადემიას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ექვსი ქვეყნის დიპლომატებისთვის სასწავლო კურსების ყოველწლიურად ორგანიზებისათვის. სასწავლო კურსები ახალგაზრდა ქართველ დიპლომატებს საშუალებას აძლევთ გაიღრმავონ ცოდნა და გაეცნონ საერთაშორისო დიპლომატიის გამოწვევებს.
 
ყოველ წელს კლინგენდაელის აკადემია სასწავლო კურსებს ატარებს 600–ზე მეტი დიპლომატისთვის, რომლებიც მსოფლიოს 70 ქვეყნიდან არიან.