საქართველოს ელჩმა გავლენიან საუდელ ბიზნესმენს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო

14.11.2017 – საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა Olayan Financing Co.-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ლუბნა ოლაიანთან, რომელიც Forbes-ის მიერ ბოლო რამდენიმე წელიწადია სახელდება, როგორც არაბული სამყაროს ნომერი პირველი ყველაზე გავლენიანი ქალბატონი.

საქართველოს ელჩმა ლუბნა ოლაიანს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მხარეებს შორის განხილულ იქნა ბოლო პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის საქმიანი ურთიერთობების მზარდი დინამიკა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საუდელი ბიზნესმენების საქართველოთი დაინტერესებას და მათ მიერ ქვეყანაში უკვე განხორციელებულ ინვესტიციებს.  ლუბნა ოლაიანმა გამოთქვა სურვილი მომავალ წელს, თავის ჯგუფთან ერთად ეწვიოს საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით.